ლეონარდო და ვინჩი, ანუ ხაზის სილამაზე და «ვინც მათემატიკოსი არ არის, ჩემს ნაწერებს ნუ წაიკითხავს!»
Ambebi.Geდასავლეთ ევროპის ხელოვნების ისტორიაში ძნელად მოიძებნება სხვა შემოქმედი, რომელიც ლეონარდო და ვინჩივით განასახიერებს გენიოსის ცნებას. მედიჩების ფლორენციასა და სფორცების მილანში ამ უნიჭიერესმა ადამიანმა ღრმად შეისწავლა და ერთმანეთს დაუკავშირა ხელოვნებისა და მეცნიერების დარგები, მანამდე უცნობ სიმაღლეზე აიყვანა და გააფართოვა ცოდნისა და მშვენიერების ჰორიზონტები, შექმნა ყველა დროის უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებები. ლეონარდო და ვინჩის ცხოვრება მოუხდა იმ ისტორიულ პერიოდში, როცა ახალ იდეებს დიდი ცვლილებები უნდა გამოეწვია მსოფლიოში და შუა საუკუნეების რელიგიური სტადიიდან რენესანსულ რაციონალიზმზე გადასულიყო. ჰუმანიზმად წოდებული ამ მძლავრი, გარდამქმნელი მიმდინარეობის ეპიცენტრი, ძირითადად, ჩრდილო იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებში, უფრო ზუსტად, ფლორენციაში მდებარეობდა. სწორედ ამ ქალაქში ჩაეყარა საფუძველი იმ იდეებსა და ფილოსოფიურ მიმდინარეობებს, რომლებმაც სინამდვილისადმი ადამიანის ახლებური დამოკიდებულება განაპირობა. უკვე ეჭვქვეშ დგებოდა ძველი შუასაუკუნეობრივი რწმენა სამყაროსი, რომელშიც ადამიანის ბედი განგების ძალით წინასწარვე იყო განსაზღვრული.
XIV საუკუნის შუა წლებიდან (პოეტ პეტრარკას გავლენით) მოაზროვნეთა მზერა ძველი ბერძნული და რომაული ხელოვნებისკენ იყო მიმართული. ჰუმანისტური იდეების თანახმად, ადამიანის ცხოვრების მთავარ მონაპოვრად გონება გამოცხადდა, აქედან გამომდინარე, ის თავად არის საკუთარი ბედის ბატონ-პატრონი. პიროვნებას, ინდივიდს მეტის გაგება სურს საკუთარ თავსა და გარემომცველ სამყაროზე, მას სჯერა, რომ კაცობრიობის პროგრესს სინამდვილის გარდაქმნა შეუძლია. სწორედ ეს შეხედულება უდევს საფუძვლად იმ სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, მეცნიერულ და შემოქმედებით ძვრებს, რომლებიც რენესანსის ეპოქას ახასიათებს.
ევროპა სახეს იცვლის XV საუკუნის შუა წლებში ევროპამ ღრმა იდეოლოგიური ცვლილებები განიცადა. ცვლილებები სოციალური აქტივობის ყველა სფეროს შეეხო და ეს უპირველესად პოლიტიკურ რუკას დაეტყო. თურქებმა დაიპყრეს კონსტანტინოპოლი; საფრანგეთი და ინგლისი ასწლიანი ომის შემდეგ დაზავდნენ; კასტილიისა და არაგონის სამეფოები გაერთიანდნენ და რვასაუკუნოვანი ომის შემდეგ გრენადის სამეფოდან მაჰმადიანები საბოლოოდ გააძევეს. გერმანიაში იოჰან გუტენბერგის მიერ საბეჭდი დაზგის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა წიგნების ბეჭდვა და ხალხში ცოდნის გავრცელება.
უმნიშვნელოვანესმა გამოგონებებმა ნავიგაციაში იდეებისა და საქონლის ბევრად უფრო სწრაფ გაცვლა-გამოცვლასა და ახალი ჰორიზონტების აღმოჩენას შეუწყო ხელი. იტალიის ჩრდილო ნაწილში განვითარდა დიდი სავაჭრო ცენტრები: ფლორენცია, ვენეცია, გენუა და მილანი. მათ ვაჭრები და ბანკირები მართავდნენ. წარმოიშვა ახალი სოციალური კლასი _ ბურჟუაზია. ამ ღრმა და ინტენსიური იდეოლოგიური, პოლიტიკური და სოციალური ცვლილებების ატმოსფეროში მოევლინა ქვეყანას ლეონარდო 1452 წლის 15 აპრილს, ბზობის დღესასწაულის წინადღეს, ტოსკანის პატარა სოფელ ვინჩიში, ფლორენციის მახლობლად. მისი მშობლები, ახალგაზრდა ფლორენციელი ნოტარიუსი სერ პიერო და ლამაზი გლეხის ქალი კატარინა დე ანკიანო დაქორწინებული არ ყოფილან. ლეონარდოს დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მამამისმა ცოლად შეირთო მდიდარი ვაჭრის ნორჩი ასული, ალბიერა დი ჯოვანი ამადორი, დედამისი კი ცოლად გაჰყვა ანტონიო დი პიერო დი ანდრეა დი ჯოვანის, მეტსახელად «აკატაბრიგას» (ჩხუბისთავი), რომელსაც ხანდახან ვინჩელ მეფუნთუშე პიერო დელ ვაკა აკატაბრიგას უწოდებდნენ.
პირველ ხანებში ლეონარდო დედასთან იზრდებოდა, მაგრამ ხუთი წლის ასაკიდან უკვე მამის ოჯახში ცხოვრობდა, რასაც ადასტურებს ქალაქის კადასტრში არსებული მისი ბაბუის, ანტონიოს განცხადება. მამამისი ცდილობდა შვილისთვის შესაფერისი აღზრდა-განათლება მიეცა და მას თავისი კანონიერი შვილებისგან არ არჩევდა. ლეონარდოზე განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მოახდინა ბაბუა ანტონიომ, რომელმაც შვილიშვილს ისეთი ღირებულებების პატივისცემა ჩაუნერგა, რომლებიც ფლორენციის სავაჭრო ბურჟუაზიის ქცევას განსაზღვრავდა: ეს იყო შრომისმოყვარეობა და ოჯახური სოლიდარობა. ამ ორ პრინციპს ლეონარდო და ვინჩი მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავდა.
ვეროკიოს სახელოსნოში სერ პიერო, რომელიც ფლორენციაში ცნობილი ნოტარიუსი იყო, შვილს გვერდიდან არ იშორებდა. სურდა, მისთვის კანონები ესწავლებინა, მაგრამ ლეონარდოს არც სამართალმცოდნეობა აინტერესებდა და არც ვაჭრობა. სამაგიეროდ, მუსიკამ, ხატვამ და მათემატიკამ გაიტაცა, ბარბითზე დაკვრა და სიმღერაც ისწავლა, რითაც ფლორენციის მაღალ საზოგადოებას ართობდა გონებამახვილურ გამოცანებთან ერთად. არც ლათინურს სწავლობდა და არც ბერძნულს, მაგრამ ძალზე დაინტერესდა იტალიური ლიტერატურით. კითხულობდა ბოკაჩოს «დეკამერონს», ოვიდიუსის «მეტამორფოზებს», ავიცენასა და როჯერ ბეკონის ფილოსოფიურ და მეცნიერულ თხზულებებს. იმავე პერიოდში გაიტაცა ხატვამ. სერ პიერო ბიჭს სწავლა-განათლებაში ყოველმხრივ ხელს უწყობდა და ურჩევდა, რაიმე პროფესია შეეძინა. რაკი დაინახა, ლეონარდო გამუდმებით ხატავდა და ძერწავდა, თან არცთუ ურიგოდ, თავისი სოციალური მდგომარეობა გამოიყენა და შვილის ნახატები განთქმულ მხატვარსა და მოქანდაკეს, ანდრეა დელ ვეროკიოს აჩვენა. მალე ვეროკიომ ლეონარდო შეგირდად აიყვანა თავის სახელოსნოში.
ლეონარდო სპეციალური სამხატვრო განათლების მიღებამდეც ამჟღავნებდა ხატვის ნიჭს, იგი საოცრად თავისუფლად, ბევრს და საუცხოოდ ხატავდა. მისი თანამედროვე არქიტექტორი, მხატვარი და მწერალი ჯორჯო ვაზარი ნაშრომში «ყველაზე სახელოვან მხატვართა, მოქანდაკეთა და ხუროთმოძღვართა ცხოვრების აღწერა» მოგვითხრობს, რომ სერ პიერომ «მისი რამდენიმე ნახატი თავის მეგობარს გადასცა და შეევედრა, ლეონარდოსთვის ეთქვა, თუ მხატვრობის შესწავლას დაისახავდა მიზნად, ნამდვილად რაღაცას მიაღწევდა. ანდრეა ფრიად გაოცებული დარჩა ლეონარდოს შესანიშნავი ნამუშევრებით და დაბეჯითებით ურჩია სერ პიეროს, მის ვაჟს ეს პროფესია აერჩია. სერ პიერომ გადაწყვიტა, იგი ანდრეას სახელოსნოში მიებარებინა. და ვინჩის მეორეჯერ თქმა არ დასჭირვებია და არა მარტო ამ ხელობას დაეუფლა, არამედ ყველაფერი შეისწავლა, რაც კი ხატვის ხელოვნებას უკავშირდებოდა».
თექვსმეტი წლის ლეონარდომ უკვე იცოდა ლითონების დამუშავება და დნობა, ძერწვა, ხატვა, შიშველ და ჩაცმულ მოდელებზე, მცენარეებსა და ცხოველებზე დაკვირვება, მათი შესწავლა და გადმოცემა. ნახატში ხაზის სიზუსტეს იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, ამიტომ ბეჯითად და დაუღალავად ხატავდა თავისივე ხელით გამოძერწილი თიხის ფიგურების ეტიუდებს. ვაზარი წერს: «რადგან ჭეშმარიტ პროფესიად მან ფერწერა აირჩია, ამიტომ ბევრს ვარჯიშობდა ბუნების სურათების ხატვაში. ხანდახან თიხისგან ფიგურებს ძერწავდა, მათ თიხით გაჟღენთილ რბილ ქსოვილზე ათავსებდა და უდიდესი მოთმინებით ხატავდა ძალიან თხელ ან უკვე გამოყენებულ ტილოზე. ფიგურები ოსტატურად იყო დახატული შავ და თეთრ ფერებში ფუნჯის წვერით». ვეროკიოს სახელოსნოში მან, აგრეთვე, შეისწავლა არქიტექტურის ძირითადი ცნებები, პერსპექტივის კანონები და ფერთა შეხამების ხერხები. ცხადია, იმ მხატვრებს შორის, რომელთა ნამუშევრებსაც იგი ეცნობოდა, იყვნენ პიერო დელა ფრანჩესკა, მაზაჩო, პაოლო უჩელო და ჯოტო.
Ambebi.Geამავე პერიოდში გაიცნო ლეონარდომ სანდრო ბოტიჩელი, რომელიც ლორენცო მედიჩის (იგივე ლორენცო ბრწყინვალე) კეთილგანწყობითა და მფარველობით სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ 1472 წლიდან წმინდა ლუკას ამხანაგობის (ფლორენციის მხატვართა გილდიის) წევრად ითვლებოდა, მას ვეროკიოს სახელოსნოსთან 1476 წლამდე არ გაუწყვეტია კავშირი. მშვენიერების საიდუმლო შეგირდობის პერიოდში მასწავლებელმა ნება დართო ლეონარდოს, მონაწილეობა მიეღო შეკვეთილი ნაწარმოებების ხატვაში. ასეთი იყო, მაგალითად, «ტობიასი და ანგელოზი». ლეონარდომ დახატა ახალგაზრდა და ლამაზი ტობიასი, რომელიც ცერა თითით ანგელოზის ხელს ეალერსება. ამ ადრეულ ნამუშევარში უკვე ჩანს მამაკაცური სილამაზის მისეული ორიგინალური კონცეფცია, რაც ქრისტიანული ტრადიციისა და რენესანსული ხელოვნების ძირითადი ტენდენციების განმსაზღვრელ ნეოპლატონურ იდეებს შორის არსებული წინააღმდეგობის ნაყოფი იყო.
1469 წელს ანდრეა დელ ვეროკიომ ლეონარდოსთან ერთად იმოგზაურა ვენეციაში, როგორც სენიორიის ელჩმა კულტურის დარგში. ამ მოგზაურობამ და ვინჩის შემოქმედებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ვენეციისკენ მიმავალ გზაზე მას ბუნება მთელი სიცხადით წარმოუდგა თვალწინ, მაგრამ მასში ამოუცნობი საიდუმლოებებიც იმალებოდა. ამ ერთგვარი შემეცნებითი მოგზაურობის დროს და ვინჩი ჩასწვდა მცენარეთა იდუმალ თვისებებს, მნათობთა მოძრაობას ცის კაბადონზე და იმ ელემენტების რაობას, რომლებიც ყველა ცოცხალი არსებისთვის საერთოა. სწორედ ბუნების საიდუმლოებათა ამოხსნის სურვილი განსაზღვრავს ლეონარდოს შემოქმედების ორიგინალურობას და ამით აიხსნება მისი სურათებით გამოწვეული აღფრთოვანება.
ვეროკიო მოწაფეებს ხშირად უმეორებდა, რომ «რეალური» პეიზაჟის ტილოზე ან ქაღალდზე გადასატანად აუცილებელი იყო ბუნების რაციონალური და მეცნიერული შესწავლა, მასზე დაკვირვება. მაშასადამე, მხატვრის ნება უმთავრესი საშუალება იყო არა მარტო სამყაროს შეცნობისთვის, არამედ ბუნების ასახვისთვისაც. თავის ნახატში, რომელიც ხელოვნების ისტორიაში პირველ დამოუკიდებელ პეიზაჟადაა მიჩნეული, და ვინჩი ერთგული დარჩა იმ ესთეტიკური მიმართულებისა, რაც ბუნებრივ სინამდვილესთან სიახლოვეს გულისხმობდა. ამ ნახატის შესრულების თარიღი ცნობილია მინაწერის წყალობით, რომელიც ლეონარდომ ნახატის მარცხენა ზედა კუთხეში გააკეთა მისთვის დამახასიათებელი სარკისებური მანერით (ლეონარდო ცაცია გახლდათ და მარჯვნიდან მარცხნივ წერდა, ამიტომ მისი ნაწერის წასაკითხად სარკე იყო საჭირო): «სანტა-მარია დელა ნევე («წმინდა მარიამი თოვლზე») 1473 წლის 5 აგვისტო». ამ ნახატზე, რომლის ქვეშაც სულ ოდნავ შეიმჩნევა წინასწარი მოსამზადებელი მონახაზი, ვხედავთ გორაკებით გარშემორტყმულ მდინარეს, ალბათ, მდინარე არნოს ხეობას, რომელიც ტოსკანას რწყავს და ფლორენციას კვეთს, მარცხნივ კი ციხესიმაგრეა აღმართული.
ამ ნახატში, რომელმაც მის შემდგომ ნამუშევრებსა და რენესანსის სხვა მხატვრებზე ერთგვარი გავლენა მოახდინა, ახალგაზრდა და ვინჩი უკვე იყენებდა ატმოსფერულ პერსპექტივასა და სფუმატოს ტექნიკას, რათა თანდათანობითი დაშორების ეფექტისთვის მიეღწია.
განხეთქილების ანგელოზი ქანდაკებაში დონატელოს ტრადიციების მემკვიდრემ, ანდრეა დელ ვეროკიომ უჩვეულო დინამიკურობა შესძინა სკულპტურას. ვენეციის ერთ-ერთი გმირის, გენერალ ბარტოლომეო კოლეონის ცხენოსანი ქანდაკება მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარია როგორც ცხენისა და მხედრის ანატომიური დეტალების სიზუსტის, ისე ორივე ფიგურის ჰარმონიულობისა და გამომსახველობითი ძალის თვალსაზრისით. «ბარტოლომეო კოლეონის ქანდაკება» ლეონარდოს თვალწინ იქმნებოდა. 1472 წელს მან დახატა «მუზარადიანი მეომრის პროფილი», რომლის მკაცრი და მედიდური სახე ძალაუფლების წყურვილს გამოხატავდა.
იმავე პერიოდში, როგორც ვეროკიოს მოწაფე, ლეონარდო მონაწილეობდა «ქრისტეს ნათლისღების» დახატვაში. ამ სურათში მან შესწორებები შეიტანა პეიზაჟსა და ქრისტეს ფიგურაში და დახატა დაჩოქილი ანგელოზი, რომელსაც სამოსი უჭირავს. «ახალგაზრდობის მიუხედავად, _ წერდა ვაზარი ლეონარდოს შესახებ, _ მან ისე სრულყოფილად გამოსახა ეს ფიგურა, რომ იგი ვეროკიოს პერსონაჟებს სჯობდა. ყმაწვილი კაცის უპირატესობამ ვეროკიო ისე გააღიზიანა, რომ ფერწერისთვის თავის დანებებაც კი აფიქრებინა». ნაკლებსავარაუდოა, ასე მომხდარიყო, მაგრამ ის კი მართალია, რომ სტილისტური დეტალები და ანგელოზის ჟესტი, რაც ვეროკიოს ფერწერისთვის უცხო იყო, მოწაფისა და მასწავლებლის დაშორების საბაბი გახდა. ეს 1472 წელს მოხდა, როცა და ვინჩი წმინდა ლუკას სახელობის მხატვართა გილდიის წევრად მიიღეს, რაც აუცილებელი ეტაპი იყო, რათა იგი ოფიციალურად ეღიარებინათ ფერწერის ოსტატად. მიუხედავად ამისა, მას არ გაუწყვეტია კავშირი ვეროკიოს სახელოსნოსთან. «ხარება», რომლის ერთადერთ ავტორადაც მას მიიჩნევენ, სინამდვილეში ოსტატისა და მისი ღირსეული მოწაფის თანამშრომლობის ნაყოფი უნდა იყოს. ამ თეორიის გასამყარებლად ზოგიერთ კრიტიკოსს ვეროკიოს «კოზიმო მედიჩის აკლდამა» მოჰყავს, რომელიც ფლორენციაში, სან-ლორენცოს ეკლესიის Sacristia Vecchia-ში, ძველ სადიაკვნეშია, და რომელიც მარიამის მერხის მოდელად არის გამოყენებული. მხატვარი-ექსპერიმენტატორი XV საუკუნის მეორე ნახევარში არაერთი ფლამანდიელი მხატვარი ეწვია ფლორენციას. იმ ეპოქაში ფლორენცია და ფლანდრიის ქალაქები ხელოვნების მძლავრ კერებს წარმოადგენდნენ, სადაც რენესანსის მაუწყებელი ფერწერული სიახლეები იბადებოდა. ფლამანდიელი მხატვრები თავისებურად, ორიგინალურად ასახავდნენ სინამდვილეს, იყენებდნენ განათებას და დეტალურად აღწერდნენ ბუნებასა და პეიზაჟს. ზეთის საღებავებით ხატვამ მათ საშუალება მისცა საუცხოო ტექნიკა შეემუშავებინათ, რაც ხელს უწყობდა მათი ნაწარმოებების «რეალისტურობას». ამ დიდ და გავლენიან ოსტატებს შორის გამოირჩეოდნენ იან ვან ეიკი, პეტრუს ქრისტუსი, ჰანს მემლინგი და ჰუგო ვან დერ გოესი.
ლეონარდო და ვინჩის აზრით, ხელოვანის დანიშნულება იყო ხილული სამყაროს კვლევა მანამდე არნახული სიზუსტითა და ინტენსივობით, რადგანაც მხოლოდ იმის დაჯერება შეიძლებოდა, რასაც თვალი ხედავდა. ფლამანდიელ მხატვრებს უკვე ნაპოვნი ჰქონდათ კვლევის ორიგინალური გზა სინამდვილის მიღმა მიმალული მშვენიერების საიდუმლოს ამოსაცნობად, რაც ლეონარდოს ძიებებს ეხმიანებოდა. ფლამანდიელებისა და ვეროკიოს გავლენა ერთმანეთს ერწყმის პირველ სურათში, რომლის ერთპიროვნულ ავტორადაც ლეონარდო და ვინჩი ითვლება. ეს არის 1478-1480 წლებში შექმნილი «მადონა მიხაკით». გარდა ნაწარმოების რელიგიური ხასიათის გადმოცემისა, რაც ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს თემიდან გამომდინარეობს, ლეონარდო და ვინჩიმ დედა-შვილი სითბოთი და სიყვარულით სავსე ატმოსფეროში დახატა და მოათავსა პეიზაჟში, რომელიც «რეალურიცაა» და იდუმალებით მოცულიც. თავის ნაწარმოებებში იგი ჰარმონიულად აერთიანებდა იმას, «რაც ხილულია» ბუნების ელემენტთაგან და რომლის სიმბოლური დატვირთვაც ისეთი რთული და ძლიერია, რომ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ არსებით და განმსაზღვრელ თავისებურებად გვევლინება.
Ambebi.Ge
ლეონარდოს შემოქმედებაში ჯერ კიდევ ყალიბდებოდა მისი უმთავრესი თავისებურებანი, როცა ფლამანდიელი და ჰოლანდიელი მხატვრები უკვე განიცდიდნენ მის გავლენას და ცდილობდნენ, თავიანთ ნაწარმოებებში ორი შეწყვილებული ფანჯრის მიღმა გადაშლილი მომაჯადოებელი პეიზაჟი გადმოეცათ. სურათში «მადონა მიხაკით» ღვთისმშობლის უკან დახატულ პეიზაჟში ჩვენ ვხედავთ სამსიბრტყიან პერსპექტივას, რაც რენესანსული ფერწერის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. და ვინჩიმ ასე მოხაზა იდეალური ჩარჩო, რომელშიც შეიძლებოდა არეკლილიყო მუცლადღების ქრისტიანული საიდუმლო. ასეთივე გარემო შექმნა მან 1475-1478 წლებში, როცა ფიცარზე ზეთის საღებავებით დახატა «ბენუას მადონა». სათნოება და მშვენიერება ლეონარდოს ფერწერული იდეები თანდათან შორდებოდა მისი მასწავლებლის სახელოსნოში გამეფებულ სტილსა და კონცეფციას, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ იკონოგრაფიულ ტრადიციას. 1472-1475 წლებში შექმნილი «ხარება», მიუხედავად სადავო ავტორობისა, ზედმიწევნით ლეონარდოსეულია. იგი დაშორდა შუა საუკუნეების იკონოგრაფიულ მოდელს, რაც პერსონაჟების ჟესტებსა და კერძოდ, ღვთისმშობლის სახეზე აღბეჭდილ განცვიფრებასა და მორჩილებაში გამოიხატა იმ მომენტში, როდესაც იგი შეიტყობს, რომ დედა უნდა გახდეს. იმავეს თქმა შეიძლება სცენაზე, სადაც მოქმედება ხდება, და პეიზაჟზე, რომელიც სურათის სიღრმეში მოჩანს. იმით, რომ ამბავი ხდება არქიტექტურულ გარემოცვაში, სადაც პეიზაჟი ატმოსფერული პერსპექტივის წყალობით მნიშვნელოვან განზომილებას აღწევს, ლეონარდომ ახალი და ორიგინალური გზა გაუხსნა რენესანსულ ფერწერას. ასეთი მიდგომა ნიშნავდა, რომ რადიკალურ გადახედვას მოითხოვდა ფასეულობათა სისტემა, რომელიც XIII საუკუნიდან გაბატონდა ევროპელ საზოგადოებაში და რომელსაც ფრანცისკელი და დომინიკელი ბერების ორდენები ამკვიდრებდნენ. სწორედ ამით აიხსნება, რომ ძალაუფლების სათავეში მყოფი ელიტა დიდად აფასებდა და ვინჩის ნამუშევრებს.
ლეონარდო ვეროკიოს სახელოსნოდან მიღებულ შეკვეთებზე იყო დამოკიდებული, რაც, ცხადია, აბრკოლებდა მისი შემოქმედებითი კონცეფციების პრაქტიკაში გამოყენებას. მამის წყალობით 1478 წელს ლეონარდოს პალაცო ვეკიოს სან-ბერნარდოს კაპელის მოხატვა დაუკვეთეს, ორი წლის შემდეგ კი ფლორენციის ერთ-ერთი სააბატოს საკურთხევლისთვის დახატა «წმინდა იერონიმე», ხოლო 1481 წელს შექმნა «მოგვთა თაყვანისცემა» სკოპეტოს სან-დონატოს მონასტრის ეკლესიის მთავარი საკურთხევლისთვის. ამ მონასტრის საქმეებს სერ პიერო განაგებდა. ლეონარდოს არც ერთი ნამუშევარი არ დაუსრულებია, თუმცა ავანსი აღებული ჰქონდა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო იშვიათად მიჰყავდა ბოლომდე საქმე, რამაც მის მერყევ ხასიათსა და ინტერესთა სხვადასხვაობაზე მითქმა-მოთქმას დაუდო სათავე.
გენუელი არქიტექტორი ლეონ ბატისტა ალბერტი (1401-1472) არ დაინტერესებულა იმ მიზეზებით, რომელთა გამოც ლეონარდო დაწყებულ საქმეს შუა გზაზე მიატოვებდა ხოლმე, მაგრამ ის კი შენიშნა, რომ ლეონარდოს სურათებში იყო ნოვატორული ელემენტები, რომლებიც აღებდა «სარკმელს სინამდვილის დასანახავად», ქმნიდა სინამდვილის ილუზიას შემოქმედის მიერ დანახულსა და წარმოსახულ რეალობას შორის. მაგალითად, სურათში «მონანიე წმინდა იერონიმე უდაბნოში» და ვინჩიმ წმინდანის ტანჯვითა და რწმენით დაღდასმული სახე იმ ტექნიკური ხერხებით დახატა, რომელთაც კავშირი ჰქონდა სახის მიმიკასთან, და რაც მან მოგვიანებით განმარტა «ტრაქტატში მხატვრობის შესახებ». ამ სურათზე პერსონაჟის შინაგანი დაძაბულობა კისრისა და მხრების კუნთების მეშვეობით არის გადმოცემული. «მოგვთა თაყვანისცემაში», რომელიც კომპოზიციის თვალსაზრისით სანდრო ბოტიჩელის (1445-1510) ამავე თემაზე შექმნილ ამავე სახელწოდების სურათს მოგვაგონებს, იგი პერსპექტივის შთამბეჭდავ სურათს გვთავაზობს.
სხვადასხვა სიბრტყეზე განლაგებული უამრავი პერსონაჟი ჟესტებითა და მოძრაობებით მოგვითხრობს ამბავს, რომელშიც გამოკვეთილია ორი ერა, იესოს დაბადებას რომ ორად ყოფს (ცოდვების მონანიებამდე და მის შემდეგ). ეს ნამუშევარი, მიუხედავად იმისა, რომ დაუმთავრებელია, ავსებს ფლორენციული ფერწერის ციკლს, რომელიც ტომაზო მაზაჩოს (1401-1428) შემოქმედებითა და სივრცეში ფიგურისთვის უპირატესობის მინიჭებით დაიწყო. კვლევა-ძიების წყურვილი, რაც ლეონარდო და ვინჩის ახასიათებდა, ეხმიანებოდა ვენეციელი, გენუელი, პორტუგალიელი და კასტილიელი ზღვაოსნების დაუოკებელ სწრაფვას ახალი საზღვაო გზების აღმოჩენისაკენ.
ლეონარდო და ვინჩი ბუნების საიდუმლოებების გამოსახატავად სიმბოლურ ელემენტებს იყენებდა, რაც, მისი აზრით, გამოკვლეული და აღმოჩენილი უნდა ყოფილიყო მეცნიერული ხედვისა და მათემატიკური წესების საფუძველზე. Non mi legga chi non e matematico - «ვინც მათემატიკოსი არ არის, ჩემს ნაწერებს ნუ წაიკითხავს», _ წერდა იგი. ასეთი დამოკიდებულება ხაზს უსვამდა ფასეულობათა წესრიგის მნიშვნელობას და ამავე დროს უპირისპირდებოდა ნეოპლატონიზმის ტენდენციებს, რომლებიც XV საუკუნის ფლორენციელთა აზროვნებაში იკიდებდა ფეხს. ეს აზროვნება კვლავაც შუასაუკუნეობრივი მისტიციზმის გავლენას განიცდიდა, რამაც ჰუმანისტსა და მოაზროვნეს, პიკო დელა მირანდოლას (1463-1494) ათქმევინა, რომ «მათემატიკა არ არის ჭეშმარიტი მეცნიერება». აი, რატომ იყო ლეონარდოსადმი მტრულად განწყობილი «მისტიკური» ფლორენცია. ლეონარდოს ორიგინალური მოსაზრებები სხვაგვარ ატმოსფეროს საჭიროებდა და მანაც სფორცების ოჯახის სამფლობელო _ მილანი აირჩია. მილანის ჰერცოგის კარზე 1478 წელს ფარულმა სახელისუფლებო დაპირისპირებამ ფლორენციასა და ვატიკანს შორის კულმინაციას მიაღწია. ამავე წელს მოეწყო მედიჩების საწინააღმდეგო ეგრეთ წოდებული პაცების შეთქმულება, რომელიც პაპმა სიქსტ IV-მ და რიარიოს ოჯახმა ფლორენციის ერთ-ერთი გავლენიანი საგვარეულოს წარმომადგენლის _ პაცის ოჯახის მონაწილეობით რომში დაგეგმეს. შეთქმულება ჯულიანო მედიჩის მოკვლითა და მის მონაწილეთა სიკვდილით დასჯით დასრულდა. ერთ-ერთი მკვლელი, ბერნარდო ბალდინი, კონსტანტინოპოლში გაიქცა, მაგრამ იგი სულთანმა შეიპყრო და ფლორენციას გადასცა, სადაც სენიორიის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს. და ვინჩი მის ჩამოხრჩობას ესწრებოდა და მსხვერპლის გასაოცარი ნახატი შექმნა, სადაც მეცნიერული სიზუსტითაა ასახული აგონიაში მყოფი ადამიანის ხრიალი.
ლორენცო მედიჩის, ვისაც შესანიშნავი მმართველობისა და მეცენატობისთვის მეტსახელი «ბრწყინვალე» უწოდეს, ხალხი შეძახილებით: Vivano le palle! (გაუმარჯოს ბურთებს!) შეეგება, რადგან მედიჩების გერბზე სფეროები იყო გამოსახული. შეთქმულების მარცხის გამო გაშმაგებულმა სიქსტ IV-მ ომი გამოუცხადა ფლორენციას. პაპის არმიას, რომელსაც ნეაპოლის, ლუკას, სიენისა და ურბინოს ჯარები შეუერთდნენ, ფლორენციის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ლეონარდო და ვინჩიმ, რომელიც მედიჩებთან დაახლოებულ ხელოვანთა წრეს ეკუთვნოდა, სწორედ ამ დროს შესთავაზა სამსახური ლორენცო ბრწყინვალეს, როგორც სამხედრო ინჟინერმა და მას საომარი მოწყობილობებისა და ციხესიმაგრეების რამდენიმე ნახაზი წარუდგინა. ისტორია მოგვითხრობს, რომ ლეონარდომ მაკეტები ტრადიციული მასალის ნაცვლად ცომისა და მარციპანისგან გააკეთა, რომლებიც ლორენცო მედიჩიმ მიირთვა, რადგან ნამცხვრები ეგონა. ეს ამბავი ნაკლებსარწმუნოა, თუმცა მასში ჩანს ლეონარდოს ნოვატორული ბუნება და მისი არცთუ მარტივი ურთიერთობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ლორენცო მედიჩის სიმამაცემ და პოლიტიკურმა გამჭრიახობამ ფლორენცია დამარცხებას გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, ლეონარდომ, რომელიც იმ დროს ოცდაათი წლის იყო, ქალაქის დატოვება და მილანში, ლოდოვიკო სფორცას (ლოდოვიკო მოროს) კარზე ცხოვრება და მუშაობა გადაწყვიტა. ხელოვანის სულიერ მდგომარეობაზე წარმოდგენას გვიქმნის რამდენიმე პასაჟი მისი ნაწერებიდან, რომლებიც Codex Atlanticus-შია (ლეონარდოს მანუსკრიპტი, რომელიც სხვადასხვა თემაზე ჩანაწერებსა და ნახაზებს შეიცავს) გაერთიანებული. აქ იგი მიგვანიშნებს იმდროინდელ ფლორენციაში გამეფებულ ატმოსფეროზე, როდესაც აღწერს «მონანიე წმინდა იერონიმესა» და «მოგვთა თაყვანისცემის» სცენებს: «კლდეებს შორის კარგა ხნის სიარულის შემდეგ, რისკენაც ბუნების სხვადასხვა უცნაური ქმნილების ნახვის მწველი სურვილი და მოუთმენლობა მიბიძგებდა, ერთი დიდი მღვიმის შესასვლელს მივადექი და გაოგნებული ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი, რადგან მისი არსებობა ეჭვადაც არ მქონია. წელში მოხრილი, მარცხენა ხელით მუხლს ვეყრდნობოდი, მარჯვენით კი თვალებს ვიჩრდილავდი, რათა როგორმე გამერჩია სიბნელეში, რა ხდებოდა მღვიმეში, მიუხედავად იქ გამეფებული წყვდიადისა. ამ მდგომარეობაში რომ ვიყავი, უეცრად ჩემში ორმა განცდამ გაიღვიძა: შიშმა და სურვილმა; ბნელი, სახიფათო მღვიმე ჩემში შიშს იწვევდა, მაგრამ მაწვალებდა მისი ნახვის სურვილი _ იყო თუ არა მასში რაიმე უჩვეულო».
1482 წელს და ვინჩი მილანს გაემგზავრა თავის მეგობართან, მუსიკოს ატალანტე მილიოროტისთან ერთად, რათა მონაწილეობა მიეღო ჰერცოგის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მამამისის, ფრანჩესკო სფორცას ცხენოსანი ქანდაკების შესაქმნელად. და ვინჩიმ ლოდოვიკო მოროს გადასცა წერილი, რომელიც ხოტბას ასხამდა მისი, როგორც სამხედრო ინჟინრის ღირსებებს და სთავაზობდა «ბრინჯაოს ცხენის ჩამოსხმას, რომელიც მამათქვენსა და სფორცას წარჩინებულ საგვარეულოს უკვდავ დიდებასა და სამარადისო პატივს მიაგებს», _ მოგვითხრობს Codex Atlanticus-ი. გადმოცემით, არსებობდა მეორე წერილიც, რომლითაც ლორენცო მედიჩი რეკომენდაციას უწევდა ლეონარდოს, როგორც ბარბითზე დამკვრელს. ჩანს, თავიდან ლეონარდო ჰერცოგის კარის მუსიკოსად მიიღეს და ლოდოვიკო მორომ მხოლოდ მოგვიანებით მიანდო მას ცხენოსანი ქანდაკების შექმნა. ლეონარდო წლების განმავლობაში მუშაობდა ამ პროექტზე და მისი თიხის მოდელიც კი გამოძერწა, მაგრამ ქანდაკებისთვის განკუთვნილი ბრინჯაო ზარბაზნების ჩამოსასხმელად გამოიყენეს და იგი აღარასოდეს გაკეთებულა. სხვათა შორის, ლოდოვიკო მორო ლეონარდოს მხატვრობას, ცოტა არ იყოს, ზერელედ უყურებდა, თუმც წერილში კი წერდა, რომ «იგი არავისზე ნაკლები მხატვარი არ არის». მილანის ჰერცოგის კარზე ლეონარდო ოციოდე წელს მოღვაწეობდა და დიდად არ ულხინდა, განსაკუთრებით, პირველ ხანებში. მრავალი წელი მილანში მაშინ, როდესაც ევროპის სამეფოები მმართველობის ახალ-ახალ ფორმებს ცდიდნენ და საზღვრებს ომებითა და საქორწინო კავშირებით აფართოებდნენ, ხოლო ზღვაოსნებმა სანელებლების კუნძულებისკენ მიმავალი ახალი საზღვაო გზების ძიებისას კეთილი იმედის კონცხს მიაღწიეს, მილანის ჰერცოგისგან უარყოფილი ლეონარდო და ვინჩი დროს ბუნების შესწავლასა და მასზე დაკვირვებაში ატარებდა, რათა მისი საიდუმლოებები ამოეცნო.
მილანში ყოფნის პირველ თვეებში დროის უმეტესი ნაწილი ლეონარდომ იმ მხატვრული ხერხის შესწავლას მიუძღვნა, რაც «მოგვთა თაყვანისცემაში» უკვე შეინიშნება. ეს იყო სფუმატო. მხატვარი ამ ტექნიკის მეშვეობით ქმნიდა ცხოვრებისა და იმ იდუმალების ამსახველ სურათებს, რაც ბუნებაზე დაკვირვების შედეგი იყო. სან-ფრანჩესკო-გრანდეს ეკლესიის ბერებმა მას ამ ახალი ტექნიკის გამოცდისა და გამოყენების საშუალება მისცეს. პრიორ ბარტოლომეო სკარლიონეს მეშვეობით ფრანცისკელთა კონგრეგაციამ და ვინჩისა და ძმებ პრედიებს მთავარი კაპელისთვის უბიწო ჩასახვის თემაზე ტრიპტიქი დაუკვეთა. 1483-1486 წლებში ლეონარდომ ტრიპტიქის ცენტრალური ნაწილი _ «მადონა მღვიმეში» დახატა. ამ სურათს იყენებდნენ იმ ნიშის დასაფარავად, სადაც თაყვანისცემის ობიექტი _ ღვთისმშობლის ქანდაკება იდგა. მრევლს მისი ნახვა მხოლოდ 8 დეკემბერს შეეძლო.
ამ სურათზე მუშაობისას ლეონარდო ძალაუნებურად ჩაერთო თეოლოგიურ დისპუტში ღვთისმშობლის უბიწო ჩასახვის დოგმის თაობაზე. ამ თეორიის მომხრენი იყვნენ ფრანცისკელები და კარმელიტები, რომელთაც პაპი სიქსტ IV უჭერდა მხარს. მეორე, მოწინააღმდეგეთა მხარეს კი იდგნენ დომინიკელები, ნოველისტ მატეო ბანდელოს მეთაურობით.
ინგლისელი ხელოვნებათმცოდნე კენეტ კლარკის (1903-1983) აზრით, და ვინჩის დიდად არ მოსწონდა თავისი ნამუშევარი და ბერებს შესთავაზა ადრე დახატული ღვთისმშობელი, რომელიც მილანში ჰქონდა ჩატანილი, როგორც მაგალითი, მაგრამ ფრანცისკელებმა უარი განაცხადეს _ მათ სურათის ზომები შეუფერებლად მიიჩნიეს. 1503-1506 წლებში ლეონარდოს ახალი ვარიანტის შექმნა მოუხდა. ზოგიერთი ბიოგრაფი ამას გასამრჯელოს თაობაზე ბერებთან უთანხმოებას მიაწერს. რადგანაც ფასზე ვერ მორიგდნენ, ავტორებმა ტრიპტიქი «ხელოვნების მოტრფიალეს», სავარაუდოდ, ლოდოვიკო სფორცას მიჰყიდეს, რომელმაც მოგვიანებით იგი გერმანიის იმპერატორ მაქსიმილიანეს მიართვა. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ლეონარდო და ფრანცისკელები შეთანხმდნენ და და ვინჩიმ მეორე სურათი დახატა, რომელიც რამდენადმე განსხვავდებოდა პირველისაგან. ამ სურათმა მხატვარს დიდად გაუთქვა სახელი მილანში, თუმცა სურვილის მიუხედავად, სფორცას კარის ოფიციალური მხატვარი მაინც ვერ გახდა.
იმ დროს სამეფოები საერთაშორისო არენაზე პირველობისთვის იბრძოდნენ. სახელმწიფოთა მეთაურებს თავდაცვის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ახალი საომარი მოწყობილობებისა და იარაღის შესაქმნელად სამხედრო ინჟინრები სჭირდებოდათ. ეს და ვინჩიმ კარგად იცოდა და ლოდოვიკო სფორცას ამ თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა შესთავაზა. ლეონარდომ არაერთი სამხედრო და ურბანისტული ტრაქტატი წაიკითხა, საომარი მოწყობილობების, ფორტიფიკაციებისა და თავდაცვითი სისტემების უამრავი ნახაზი შექმნა, ხატავდა ფანტასტიკურ აპარატებს, რომლებიც მომავალი მექანიზმების პირველად ესკიზებს წარმოადგენდა. იმავდროულად, მუშაობდა საეკლესიო ნაგებობების პროექტებზეც, როგორიცაა ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიები, და სცადა მილანის ტაძრის მშენებლობაშიც მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მისი ცდა მარცხით დამთავრდა. იგი ბევრ დროს უთმობდა ქალებისა და მამაკაცების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულთა თავისა და სახის ნაკვთების შესწავლას და ადამიანის ანატომიის რთული მექანიზმის კვლევას.
არსებობს ამ თემებზე მისი უამრავი ჩანაწერი, რომლებიც არასოდეს გამოქვეყნებულა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლეონარდო უკუღმა, სარკისებურად წერდა, რაც ბევრი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა და მას ეზოტერიკული სექტის წევრადაც კი მიიჩნევდნენ. სავარაუდოდ, ამ გზით და ვინჩი თავის ცოდნას მალავდა, რადგან ერეტიკოსად შერაცხვას უფრთხოდა. მზე რომ არ მოძრაობს, იმაზე ბევრად ადრე დაასკვნა, ვიდრე კოპერნიკი ჰელიოცენტრულ თეორიას შექმნიდა და სანამ გალილეი დაადგენდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი არ იყო და იგი «მოძრაობდა». მშფოთვარე და დაუდეგარი ხასიათიდან გამომდინარე, მრავალი ცდისა და კვლევის შემდეგ, როცა რომელიმე საკითხზე პასუხს მიიღებდა, ჩანს, ხელოვანი ინტერესს კარგავდა და ყურადღებას აღარ აქცევდა თავის ჩანაწერებს.
დიდი ადამიანის ბიოგრაფიის სრული ვერსია იხილეთ “დიდი მხატვრების” სერიის წიგნში “და ვინჩი”, რომელიც ”კვირის პალიტრამ” გამოსცა... და 15-დან 21 მარტამდე შეგიძლიათ შეიძინოთ გაზეთთან ერთად მხოლოდ 15 ლარად.
წყარო: http://www.ambebi.ge/books/17498-leonardo-da-vinci.html
Thursday, May 27, 2010
გარდაცვალება
მეცნიერები ლეონარდო და ვინჩის ნეშტის ეგსგუმაციას აპირებენ
იტალიის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კომიტეტის მეცნიერები ლეონარდო და ვინჩის ნეშტის ეგზგუმაციის ნებართვას ითხოვენ. ისინი საფრანგეთის ქ. ამბუაზში, სადაც აღორძინების ხანის უდიდესი ხელოვანია დაკრძალული, მხატვრის სამარხის გახსნას აპირებენ.
გამოცემა The Times-ის ცნობით, მოლაპარაკების მონაწილეებმა თანხმობას უკვე მიაღწიეს და ოფიციალური ნებართვა 2010 წლის ზაფხულში უკვე მეცნიერთა ხელში იქნება.
პროექტის ხელმძღვანელის სილვანო ვინჩეტის განცხადებით, მკვლევრებმა ჯერ ის უნდა დაადგინონ, მართლა ეკუთვნის თუ არა ამბუაზში დაკრძაალული ნეშტი ლეონარდო და ვინჩის. შემდეგ კი მისი გარდაცვალების მიზეზის გარკვევაც დადგება დღის წესრიგში. ძვლებზე სიფილისის, ტუბერკულოზისა და ტყვიით მოწამვლის კვალს მოძებნიან.
სპეციალისტების საბოლოო მიზანი თავის ქალის მიხედვით ლეონარდოს გარეგნობის აღდგენაა. შემდეგ იმის შემოწმებასაც შეძლებენ, იყო თუ არა ლეგენდარული "ჯოკონდა" ფერმწერის საიდუმლო ავტოპორტრეტი.
ლეონარდო ამბუაზში 1519 წელს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეკლესია, რომელშიც ის დაკრძალეს, საფრანგეთის რევოლუციის დროს განადგურდა; ნეშტი ტაძრის სხვა სამრეკლოში 1874 წელს გადაასვენეს.
2009 წლის ბოლოს გავრცელდა ცნობა სხვა დიდი იტალიელის - კარავაჯოს ნეშტის ეგსგუმაციის შესახებ, ექსპერტიზის პასუხი უახლოეს მომავალში უნდა გახდეს ცნობილი.
წყარო: http://internet.ge/index.php?action=news&category=5&news=65490
Subscribe to:
Posts (Atom)